ურწმუნოს ლოცვა



დილით  დედას ხმამ გამაღვიძა. გვერდზე ოთახში ექიმს  ესაუბრებოდა ტელეფონზე.  საუბრის დასრულების შემდეგ ვიგრძენი მისი ღრმა , უიმედო ამოსუნთქვა და  მალევე ჩემს ოთახში გაჩნდა.  ბაბუ ისევ მძიმედაა.   ახლა ისე მინდა სოფელში წასვლა როგორც არასდროს.   ბაბუ  წლებია ლოგინადაა ჩავარდნილი.  თითქმის არ ლაპარაკობს,  მთელი დღეები ტელევიზორს უყურებს  და  ელოდება  როდის  გამოვკვებავთ.    სოფლის სახლსაც  ჟრიამული მოკლებული აქვს,  მიუხედავად   იმისა რომ გვერდზე   სამი მეზობელი ოჯახია,  ჩემი სოფლის სახლი მაინც მარტოა. ზაფხულობით და  ზამთრობით არდადეგებზე  ჩავდივარ ხოლმე,    პირველი ბებოს   თვალები მხვდება, უძილო.  შემდეგ ბაბუას გამომეტყველება,  რომელიც  ბოლო ხანს ვეღარ მცნობდა.  
------------------------------------------------
ბაბუ აღარ არის.
წავიდა.
იმ  დღეს  დედამ მთხოვა , ბაბუ მძიმედაა და  ილოცე ბაბუსთვისო, წლებია   არ მილოცია. ან როგორ უნდა მელოცა?   ან რა უნდა მეთქვა? ან ვისთვის.    მეცადინეობიდან მეცადინეობაზე   მივდიოდი და გზაში  ისევ დედას სიტყვები მიტრიალებდა.  დეიდაშვილის გამოგზავნილი  ''ლოცვა სნეულთათვის'' ჩავიკითხე და  ყელში ბურთი გამეჩხირა.   მოვალეობის მოხდის მიზნით რამდენიმეჯერ ისევ ჩავიკითხე და  შევეშვი.    ფანჯარაში დავიწყე   ყურება.   ბაბუზე  აღარ მიფიქრია.   საღამომდე.  დედა  რომ მოვიდა  სწრაფად  ჩალაგება დაიწყო , იმ იმედით რომ  სანამ ცოცხალი იყო ინახულებდა.  ნახევარ საათში  , დედის  ტირილი  მომესმა ისევ.  იჯდა და ტიროდა.   ისე  როგორც პატარა ბავშვი. წამით მეგონა რომ   უკან დაბრუნდნენ წლები,   სადაც მხოლოდ დედა და ბაბუ იყვნენ.   ჩამოვჯექი მის გვერდით და  ვეცადე  დამემშვიდებინა.    მისი ცრემლები   ჩემს ხელებს ხვდებოდა, და   ღამის წყვდიადში, ჩამქვრალ ოთახში   მარტო ქვითინის ხმა  ისმოდა.   ცოოტა რომ  დამშვიდა, ჩემს ოთახში წამოვედი.    ბოლოს  პერიოდში ბაბუ რომ მირეკავდა  მხოლოდ  ერთს მეკითხებოდა, როდის ჩამოხვალ...  მე კი   უიმედოდ  ვუხდნიდი-  გამოცდების შემდეგ ბაბუ.      მერე  გამახსენდა  ღამის  ოთხს  საათზე  კარტს რომ ვთამაშობდით,  არცერთს გვეძინებოდა.   კარტის თამაში ბაბუმ მასწავლა.   ადრე  თვითონ მაგებინებდა ხოლმე,  რაც ავად გახდა    როლები გაცვლილი გვქონდა.
ბაბუ აღარაა ...
სოფელში ჯერ  ვერ ჩავედი,  მამას უნდა მოვუარო.   ხვალ  აუცილებლად  წავალ.  დღეს  მთელი დღე უცნაური  გრძნობა დამყვება. რა  დამხვდება იქ  რომ ჩავალ?
ბაბუ აღარაა..
აღარც მისი  წითელი ნოლშესტი დგას  ''გარაჟში''.
წითელი ნოლშესტი,  რომელიც ანაკლიაში მიგვაქროლებდა.
სახლში ბაბუს  ''მუშტუკებიც''  აღარ იქნება...
არც  სიგარეტი, რომელსაც ვუმალავდი...
ადრე   ხვდებოდა  რომ ვუმალავდი და  მთხოვდა ხოლმე  , მერე  უკვე  ესეც გადაავიწყდა.  მთელი დღეები იჯდა  ჩუმად, არც ხმას იღებდა.  ვუყურებდი და ვფიქრობდი  რა ხდებოდა მის გონებაში ...
ბაბუ აღარ  არის.
მე ვზივარ    ჩემს ოთახში და    გაცრეცილ  ფოტოებს ვათვალიერებ.
ბაბუ აქ თამადაა, მგონი მეზობლის ქორწილია.
ბაბუ ხორცის მაღაზიაში მუშაობდა, ეს მასთან მომუშავე  ქალები არიან
ბაბუს  ხუჭუჭა თმა ჰქონდა... მისგან გამომყვა  კულულები.
ბაბუს  ''ოშმეშები''  (ულვაშები)

ნუთუ ასეა.. ადამიანები მიდიან  და მერე ცდილობ   მოგონებებს ჩაებღაუჭო.   დაზუთხული გაკვეთილივით იმეორებ  განვლილ წამს,  რომ არ  დაგავიწყდეს. იმეორებ, იმეორებ და   ყოველ ღამე  დაძინებისას შავთეთრი ფილმის კადრებივით  გაგირბენს თვალწინ.  
ჩაებღაუჭე!
არ  გაუშვა !
გიყვარდეს !
არ დაივიწყო !

Comments

Popular posts from this blog

აბიტურიენტის დღიურებიდან

მე, წვიმიანი დღე და ბაჩო ჯიქიძე (რომელიც ანგრევს კარს)

დილა